“იან ვან ეიკი იყო აქ..”

გადავწყვიტე მცირე მიმოხილვა გამეკეთებინა გამორჩეული ფლამანდელი ფერმწერის – იან ვან ეიკის ერთ-ერთ ცნობილ ტილოზე – “არნოლფინების წყვილის პორტრეტზე”.

arnolfini-portrait.jpg
ნახატი,რომელზედაც გამოსახულია იტალიელი ვაჭარი ჯოვანი არნოლფინი და მისი ცოლი, 1432 წელსაა შექმნილი. ტილოზე უამრავი სიმბოლოს შემჩნევაა შესაძლებელი,დაწყებული პერსონაჯების სხეულის ენით,დასრულებული ინტერიერის დეტალებით,თუმცა მსურს პირველ რიგში გამოვარჩიო პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო დეტალი,რომელიც პერსონაჟების ზურგს უკან გვევლინება: ესაა სარკე და წარწერა მის ზემოთ.  სარკეს ჩარჩოს ქრისტეს წამების ამსახველი ათი სცენა ამკობს, ხოლო  სარკის სიღრმიდან მომზირალი ორი ადამიანის ანარეკლიდან ერთ-ერთს თავად ვან ეიკის სილუეტად მიიჩნევენ.რაც შეეხება სარკის ზემოთ წარწერას,მასზე შეგვიძლია ამოვიკითხოთ შემდეგი ტექსტი – “Johannes de eyck fuit hic” (“იან ვან ეიკი აქ იყო”).
The_Arnolfini_Portrait,_détail_(6).jpg

რაც შეეხება სხვა დეტალებს,აღსანიშნავია,რომ მამაკაცს ხელი აქვს მოკიდებული ქალის მარჯვენა ხელზე, თითქოს ერთგულების პირობას დებს. მეორე ხელი ზევით აქვს აწეული ფიცის სიმტკიცის დასადასტურებლად.ეს შეუღლების სცენაა.კედელზე ჩამოკიდებული კრიალოსანი ღვთისმოსაობაზე მიუთითებს. ხოლო იქვე, სარკის მახლობლად ჩამოკიდებული პატარა ცოცხი, როგორც ოჯახური, ასევე სულიერი სიმშვიდის სიმბოლოა.ფანჯარასთან ფორთოხლები ალაგია. ეს ოჯახური ცხოვრების ბედნიერებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე მიგვანიშნებს. იმ პერიოდის ნიდერლანდებში ფორთოხალი ძალზე ძვირი და იშვიათი ხილი იყო. ცოლ-ქმრის წინ ძაღლია. იგი ერთგულების სიმბოლოა. საშინაო ფეხსაცმელი კი განუყრელ წყვილს და ოჯახურ სიმყუდროვეს გამოხატავს.
არსებობს უამრავი მოსაზრება ნახატთან დაკავშირებით. ზოგი მიიჩნევს,რომ  ჯოვანი არნოლფინიმ ეს ნახატი იან ვან ეიკერს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაახატინა. ამ მოსაზრებას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი ამყარებს. სურათზე კარგად ჩანს ჭაღი, რომელიც თითქოს გამყოფ როლს თამაშობს. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ჯოვანი არნოლფინის მხარეს ჭაღზე სანთელი ანთია, ხოლო მისი მეუღლის მხარეს არა. აშკარაა, რომ ჯოვანე ჩენამი ფეხმძიმედ იყო, სწორედ ამიტომაა სავარაუდო რომ ის ადრეულ ასაკში, სწორედ ფეხმძიმობის დროს გარდაიცვალა.
თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც: 1997 წელს ინგლისელმა ხელოვნებათმცოდნემ მარგარეტ კოსტერმა დაადგინა,რომ ტილოს შექმნიდან 13 წლის შემდეგ დაქორწინდნენ არნოფილები,თუ ამ ფაქტს დავუჯერებთ,მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ნახატზე გამოსახულია ჯოვანი დი არიჯოს ბიძაშვილი- ჯოვანი დი ნიკოლაო და მისი მეუღლე.
არსებობს კიდევ ერთი შეხედულება,რომლის თანახმადაც ნახატზე თვით იან ვან ეიკი და მისი ცოლი არიან გამოსახულნი.
ხელოვნებათმცოდნეებისთვის დღემდე გამოცანას წარმოადგენს არნოლფინების წყვილის პორტრეტი.

ეშმაკი,როგორც ხელოვნების მთავარი ფიგურა

ეშმაკი – როგორც პერსონაჯი,შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე თავისუფალი,მრავლისმომცველი და ინტელექტუალურია.როცა ხელოვანი ამ ფიგურას იყენებს თავის ნაწარმოებში,მას ეძლევა სრული თავისუფლება და საშუალება,გამოავლინოს საკუთარი ფანტაზიის უნარი.სხვა შემთხვევაში,თუ ხელოვანი იყენებს წმინდან პერსონაჟს,იგი ვერ გაექცევა ჩარჩოებს და ვერ წარმოადგენს წმინდანს ისეთივე განსხვავებული თვისებებითა და ქმედებებით,როგორც ეშმაკს.სატანას ფიგურას არაერთ ცნობილ ნაწარმოებში,მხატვრობაში,სპექტაკლში თუ კინემატოგრაფიაში შევხვედრილვართ.თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.მანამდე კი მინდა ორიოდე სიტყვით ვისაუბრო ამ მისტიურ და ინტრიგულ პერსონაჟზე.

theatrebizarre-john-dunivant-0131.jpg

ბიბლიური ტექსტები არ გვაძლევს სატანის რაიმე თვალსაჩინო სახეს. ამის საპირისპიროდ , შუა საუკუნეების ფანტაზია ჭარბია ასეთი სახეების დეტალიზების მაგალითებით. ამ პერიოდში სატანას სახე წარმოედგინათ ანტროპომორფული და ცხოველური ნიშნებით.როგორც ზემოთ ვახსენე,სატანა შესაძლებელია ნებისმიერი თვისებით და ვიზუალით წარმოაჩინოს ხელოვანმა.დღემდე  მას წარმოაჩენენ ოსტატები ზოგჯერ ადამიანის,ზოგჯერ კი მონსტრის თუ გველეშაპის სახით.მაგალითად დანტე ალიგიერი “ღვთაებრივ კომედიაში” აღწერს სატანას შემდეგნაირად: ეშმაკი, ნახევრად ჩაეყინება ყინულში (სიცივე, ყინული — უსიყვარულობის სიმბოლო) და ღვთაებრივი (ციური) სიმბოლოების საპირისპიროდ მას სამი სახე აქვს (შევადაროთ სამებას). ერთი წითელია (მრისხანება სიყვარულის წინააღმდეგ), მეორე — ღია ყვითელი (სისუსტე და სიზარმაცე – ძლიერების წინააღმდეგ), მესამე შავია (უმეცრება და უწესობა განათლების და სამართლიანობის წინააღმდეგ). ეშმაკის 6 ფრთა უპირისპირდება ჰერუვიმის 6 ფრთას. სატანას კბილები ღრღნიან იუდას – უმაღლესი სულიერი ავტორიტეტის გამცემს, ასევე ბრუტას და კასიას — ვინც ხელყო უმაღლესი სახელმწიფო ავტორიტეტი.

ჯ. მილტონი დაკარგულ სამოთხეში სატანას ანიჭებს ეპიკური გმირის ბნელ დიდებულებას. ამავე მიმართულებით ვითარდება ი ვან დელ ვონდელას ლუციფერი, რომლის გმირსაც უნარი შესწევს იყოს იმპოზანტური და განსჯის ღმერთს რომ გამოასწოროს მისი შეცდომა — მისავე სასარგებლოდ. მხოლოდ ჯ. ბაირონის და მისი ეპოქის რომანტიზმში, ლიბერალიზმისა და ანტიკლერალიზმის ფონზე, კეთდება მცდელობა წარმოვიდგინოთ სატანის სახე, როგორც თავისუფელბის და ჯანყის მოყვარულ „დადებით“ გმირისა, რომელიც იღებს ძველბერძნული ღვთაების ნაკვთებს ( „სატანას“ კარდუჩი, „ლუციფერი“ რასპისარდი, „ლიტანია სატანას“ ბოდლერი). ა. ფრანცისთვის კი, როგორც ამ ტრადიციის მემკვიდრისთვის, უკვე აქსიომატურია სატანა, როგორც იდეალი. იგი თამაშობს ამ აქსიომით („ანგელზთა აჯანყება“) და ამტკიცებს, რომ ჩვენს თავში ღმერთი უნდა განადგურდეს „რამდენადაც ჩვენ არ გვესმოდა, რომ გამარჯვება – სულია და ჩვენში, და მხოლოდ ჩვენში უნდა დავძლიოთ და გავანადგუროთ იალდავაოფი.“

წარმოგიდგენთ რამდენიმე მხატვრის თვალით დანახულ დემონებს და მათ სამყაროს:

 

მინდა გამოვარჩიო ცნობილი უნგრელი მხატვრის – ტივადარ ჩონტვარის “მოხუცი მებადური”,რომელიც ადამიანის 2 გვარ ბუნებას ასახავს.ამის დანახვა კი სარკითაა შესაძლებელი:

საკმარისია, სარკე ტილოს ზუსტად შუაში დაადოთ, რომ გაოცებისგან სუნთქვა შეგეკვრებათ – მარცხნიდან უფალის მშვიდი სახე , მარჯვნიდან კი გამძვინვარებული ეშმაკი შემოგცქერით.

ვფიქობ ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს.უფალი ადამიანის ნათელი მხარეს მტაფორაა,ეშმაკი კი-ბნელი და ცოდვილის.

გამოვყოფ ასევე ლიტერატურულ ნაწარმოებებს,რომლებშიც ასევე სატანა ფიგურირებს:

იოჰან ვონფგანვ ფონ გოეთე – “ფაუსტი”

Goethe's_Faust.jpeg

თუ რას განვიცდიდი ამ შედევრის კითხვის დროს,მიჭირს გამოვცე სიტყვებით.როცა “ფაუსტს” კითხულობ,შენც ამ ამბის ნაწილი ხდები,თითქოს ყველაფრის თვითმხილველი და მომსწრე ხარ.ამ ნაწარმოებში მონათხრობ ისტორიას ისე ასახავ,თითქოს უკვე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით გინახავს. ყველაფერი კი მთავარი და ყველაზე ინტრიგული პერსონაჟის – ეშმაკის დამსახურებაა.გოეთეს „ფაუსტი“ გერმანულენოვანი ლიტერატურის ყველაზე მაღალ ქმნილებად არის მიჩნეული და მას მსოფლიო კლასიკის უპირველეს ძეგლთა შორის მკვიდრი ადგილი უკავია. პოეტურ ძალმოსილებაზე რომ არაფერი ვთქვათ, მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ ხშირად ხმარებული სიტყვა „ფაუსტური“ ევროპული აზროვნების ყველაზე ნიშანდობლივ თავისებურებებს მოიცავს.

მიხაილ ბულგაკოვი – “ოსტატი და მარგარიტა

the-master-and-margarita-by-mikhail-bulgakov-book-cover1.jpg

შემიძლია თამამად განვაცხადო,რომ ეს ნაწარმოები ჩემს საყვარელ წიგნებს შორის პირველ ადგილს იკავებს.”ოსტატის და მარგარიტას” კითხვის დროს,სცილდები რეალობას და სხვა სამყაროში გადაინაცვლები.შენც ხდები ერთ-ერთი პერსონაჟი,რომელიც იმავე ემოციებს განიცდის,როგორსაც განიცდიან ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები.შეიძლება ითქვას,რომ ეს არა მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა,არამედ ფილოსოფიური მოძღვრებაცაა.წიგნში თითოეული პერსონაჟი რაღაცის სიმბოლოა,თითოეული ქმედებას კი მეტაფორული ახსნა აქვს.დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ მეცნიერები დაესკვნათ,თუ რა იმალებოდა ამ ყველაფრის უკან,ავტორის მისტიურობა,ამქვეყნიურობის ამაოება,ღმერთის და სატანას არსებობა თუ სხვა რამ..

ზუსტად ამ წიგნმა დამაინტერესა მთავარი პერსონაჟით – ვოლანდით – რომელიც სატანად გვევლინება და რომლის საშუალებითაც მიმდინარეობს მოქმედება.შეიძლება ითქვას ამ ნაწარმოებმა გამიჩინა იმის სურვილი,რომ თუნდაც ჩემს ბლოგზე ასეთი პოსტი შემექმნა 🙂 ვოლანდის გარდა კიდევ 3 ეშმაკი გვევლინება – ბეჰემოტი,ფაგოტი და აზაზელო.

ერნსტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანი  – “სატანის ელექსირები”

1576915.jpg

ეს ნაწარმოები ძალიან გავს შინაარსობივად და იდეოლოგიურად გოეთეს “ფაუსტს”.აქაც ლუციფერის დახმარებით ვითარდება მოქმედება.ზუსტად მისი მეშვეობით იცვლება მთავარი პერსონაჟის – მედარდუსის ცხოვრება.ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება.რომანში ასევე მკვეთრადაა წარმოჩენილი “მე”ს თემა. გარდა ამისა,რომანს წითელ ხაზად გასდევს ქრისტიანობისადმი ისტორიული თუ მისტიკური დამოკიდებულება.

ოსკარ უაილდი – “დორიან გრეის პორტრეტი”

2627403-01

ალბათ ბევრს გსმენიათ ამ რომანის შესახებ.დამეთანხმებით,რომ მრავლისმომცვლელი ნაწარმოებია.რომანის მთავარი გმირი – დორიან გრეი, მარადიული სილამაზის სიმბოლოა, ისეთივე უჭკნობი, როგორც ხელოვნების ნაწარმოები. დროის მსვლელობა დორიანის პორტრეტზე აღბეჭდავს კვალს, ხოლო თვით დორიანი უცვლელი და მარად ჭაბუკი რჩება. ავტორმა პარადოქსის წესით შეაბრუნა და მარადიულად აქცია ცოცხალი ადამიანი, ხოლო მისი ანარეკლი – პორტრეტი კი ისეთ ცვალებად და წარმავალ მოვლენად, როგორც თავად ცხოვრებაა. ამიტომაც ცხოვრების ნაკვალევი პორტრეტს ცვლის, დორიანს კი არა. მაგრამ საკუთარი სილამაზის ტრფიალი დორიან გრეი, რომელმაც ცხოვრება ერთიანად სიამოვნებად გადააქცია, საბოლოოდ ამორალური და შესაზიზღი ხდება, ბოროტმოქმედების ჭაობში იფლობა და იღუპება.

ბრემ სტოკერი – “დრაკულა”

dracula

ეს გოთიკური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.მთავარი პერსონაჟი – გრაფი დრაკულა,წარუმატებელ და იმედგაცრუებული სიყვარულის გამო უარყოფს ღმერთს და სატანის მოციქული ხდება.რომანში ნათლად ჩანს პერსონაჟის ფსიქოლოგიური პრობლემები და მსოფლმხედველობა.ავტორმა შექმნა მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც გასცდა კონკრეტული წიგნის ფარგლებს და პოპულარული კულტურის კუთვნილებად იქცა, პერსონაჟად, რომელიც, ალბათ, ათასჯერაა ტირაჟირებული და თავისი შემქმნელისგან დამოუკიდებლად განაგრძობს ცხოვრებას…

ლუციფერის ფიგურა არა მხოლოდ ლიტერატურასა და მხატვრობაში,ასევე უამრავ სპექტაკლებსა და მასკარადებზეა შესამჩნევი.

 

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას,რომ ის ფიგურა,რომელიც მისტიკური,შიშისმომგვრელი,იდუმალი და ინტრიგულია,ზუსტად ასეთი იზიდავს მაყურებელს.უნდა აღინიშნოს,რომ ეშმაკის გამოყენებით არაერთი ხელოვნების შედევრი შექმნილა.